News / სილამაზის თანამედროვე სტანდარტები და ესთეტიკური ქირურგია

სილამაზის თანამედროვე სტანდარტები და ესთეტიკური ქირურგია

წარსულში ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, არსებობდა სილამაზის განსაზღვრული კანონები,

რომლებიც საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ნელა იცვლებოდა: ანტიკურ ხანაში აღიარებული იყო წელგამართული და ათლეტური აღნაგობა, შუა საუკუნეებში – ავადმყოფური სიგამხდრე და სიფერმკრთალე, აღორძინების ეპოქაში – ფუმფულა ქალები, ვიქტორიანულ პერიოდში – მინიატურულობა და ჰაეროვნება. XX საუკუნეში მოდის სულ სხვა ხატები გაჩნდა, რომლებიც თითქმის ყოველ ათლეულში იცვლებოდა.

XXI საუკუნე – სილამაზის ახალი სტანდარტები

მოდელების ეტალონად ქცეული პარამეტრები, 90-60-90, მე-20 საუკუნის განმავლობაში გლობალურად ტრანსფორმირდა.

და რა მივიღეთ შედეგად? როგორი სხეული მიიჩნევა დღეს სრულყოფილად, ლამაზად და მოდურად?

ამ კითხვაზე დღესაც არ არსებობს ცალსახა პასუხი, რადგანაც სხეულის ჰარმონიის ალგებრული განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა სილამაზის ოქროს შუალედი მაინც არსებობს.

ექსპერტების აზრით, უკანასკნელ წლებში პოპულარობა მოიპოვეს სუსტი სქესის წარმომადგენლებმა დიდი ტუჩებით, იდეალური მოხაზულობის წარბებით, სავსე თეძოებით და გავარჯიშებული კუნთებით. თუმცა ეს მალევე შეიცვალა და დღეს ყველაზე მძლავრ სტანდარტად მიიჩნევა ბუნებრიობა და ინდივიდუალიზმი.

დასავლელი ექსპერტები აქტიურ პოპულარიზაციას უწევენ ბუნებრიობას, რომელიც ნაოჭებს, ტუჩების ბუნებრივ ზომას და ნაკლებად ხელოვნურ სახეს გულისხმობს.

ყველაზე დიდ როლს გოგონათა შეფასებისას ქარიზმა ასრულებს, ანუ ის, თუ როგორია მისი მზერა, ღიმილი, ხასიათის შტრიხები. იმისათვის, რომ ქალი ლამაზადმივიჩნიოთ, სულაც არ არის საჭირო, ის მთელი ცხოვრება დიეტაზე იყოს. ადამიანები ძალიან დაღალა იმისმა მცდელობამ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არ არიან. იდეალურად რომ გამოიყურებოდე, ეს უდიდეს შრომას, ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვს, შესაბამისად, ამ დაძაბულ საუკუნეში ქალებს სურვილი გაუჩნდათ მოდუნდნენ და სხვა გაცილებით საჭირო და სასიამოვნო საქმეებით დაკავდნენ.

თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ექსკლუზიურობაზე გაჩნდა ერთგვარი მოთხოვნა, რაც ნიშნავს რაიმე საინტერესო თავისებურების არსებობას გოგონას გარეგნობაში, რომელიც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს.

საინტერესოდ და ლამაზად მიიჩნევა ის, ვისი გარეგნობაც საკმაოდაა ამოვარდნილია სტანდარტიდან. ლამაზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ასაკის ქალი. თუ ადრე 50 წლის ყველაზე სახელგანთქმულ მოდელს ჟურნალის გარეკანზე არავინ გამოაჩენდა, დღეს მოდური ჟურნალების გარეკანს 70 წლისანიც ხშირად ამშვენებენ.

აქცენტები ძლიერდება ქალურობასა და შვილოსნობაზე.

ქალური სილამაზის კრიტერიუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს ყველა ქალი ლამაზია, შესაბამისად, ყველა ქვეყანაში სილამაზის თავისებური სტანდარტები არსებობს.

საფრანგეთი – ბუნებრიობა. საფრანგეთში უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ სილამაზეს, მინიმალურ მაკიაჟს, მარტივ ვარცხნილობას და თანდაყოლილ ჰაეროვნებას;

ავსტრალია – ათლეტური ფიგურა, აქ სილამაზის სტანდარტად მიჩნეულია ათლეტური სხეული, რომელზეც კარგად გამოიყურება ბიკინი. აზიისგან განსხვავებით, აუცილებელი ატრიბუტია ნამზეური და გარუჯული კანი, რასაც ქვეყანაში ბევრი კუნძულისა და სანაპიროს არსებობა განაპირობებს;

პოლონეთი – ტანწერწეტა, ლამაზი სახე – აქ აუცილებელია სიმაღლე და სხეულის სწორი პროპორციები: საშუალო ზომის მკერდი და თეძო, სახის სიმეტრიული ნაკვთები, გრძელი სწორი ან ტალღოვანი თმა;

შვედეთი – ჩრდილოეთური ფორმა, ქერათმიანი და დიდყვრიმალებიანი, ცისფერთვალა ქალი, გამოხატული სტილის ექსკლუზიურად ძვირფასი, სადა ფერის სამოსით და ასეთივე მაკიაჟი.

ჩრდილოეთ კორეა – თამამი მზერა და ღია ფერის კანი, სქელი ტუჩები და თვალის ჭრილი. ეს ამ ქვეყნის სილამაზის მთავარი ეტალონია. ბევრი გოგონა პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლადაც კი მზად არის სახის ოვალის შესაცვლელად;

ირანი – სწორი ცხვირი – მიუხედავად საკმაოდ ძლიერი აკრძალვებისა, ირანელ ქალებსაც გააჩნიათ სილამაზის თავიანთი ეტალონები. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახის ლამაზ ნაკვთებს, ამიტომ საგულდაგულოდ უვლიან წარბებსა და თვალებს. სწორი ცხვირი ირანში სიმდიდრის ერთ-ერთ სტატუსადაა მიჩნეული;

აშშ – ყველა და ყველანაირი, საკმაოდ რთულია ამერიკაში აარჩიო ქალი, რომელიც იქ მცხოვრებ მამაკაცთა უმრავლესობას ერთნაირად მოეწონება. ეს მრავალი კულტურის მქონე ხალხთა ქვეყანაა, ამიტომ იქ მოსწონთ როგორც გამხდარი, ისე მსუქანი, როგორც დიდი, ისე პატარა მკერდის მქონე ქალები, გრძელი და მოკლე თმით, თეთრიც და ფერადკანიანიც, მკვეთრი მაკიაჟიც მისაღებია, თუ გონივრულადაა მორგებული;

ბრაზილია – მოდელის გარეგნობა – ამ ქვეყანაში მიმზიდველობის ეტალონია ლამაზი, გარუჯული, ათლეტური სხეული, ქერა თმა და ლამაზი თვალები. ამისთვის გოგონები თითქმის ყოველდღე იკეთებენ მანიკიურს, მასაჟსა და ეპილაციას. ბრაზილიელ გოგონათა უმრავლესობა ფოტომოდელივით გამოიყურება;

პაკისტანი – ფიფქიების ქვეყანაა, აქ საკმაოდ ბევრი ლამაზი ქალია, მათი სილამაზის სტანდარტია ღია ფერის კანი, გრძელი შავი თმა და ღია ფერის თვალები;

ტაილანდი – აქ უპირატესობა მინიატურულობას ენიჭება. მიღებულია თეთრი კანი, ეს საზოგადოებაში მაღალი სტატუსის ნიშანია, ამიტომ საკმაოდ ბევრი გოგონა იყენებს სპეციალურ მათეთრებელ კოსმეტიკურ საშუალებას, ისინი საკამოდ აქტიურად სარგებლობენ პლასტიკური ქირურგის მომსახურებით, თუმცა მთავარი სილამაზის კრიტერიუმი ტაილანდელი ქალის მინიატურული სხეულია, მინიატურული მკერდითა და თეძოებით;

დანია – გოგონა ბარბი. დანიაში, შვედეთის მსგავსად, სილამაზის იდეალი ქერათმიანი გოგონაა, სადა ჩაცმულობითა და გარეგნობით;

მალაიზია – მარგალიტისმაგვარი კანი. კანი რაც უფრო ღიაა, მით უკეთესი, გოგონა უნდა იყოს გამხდარი, ტანწერწეტა, არცთუ დიდი მკერდით;

სერბეთი – აქ სილამაზის საკმაოდ მკაცრი სტანდარტებია, სექსუალური მიმზიდველობის ეტალონად მიჩნეულია ხორბლისფერი სახე, დიდი ტუჩები, მცირე ზომის აკურატული ცხვირი, დიდი ღია ფერის თვალები, ძლიერი სიგამხდრე და მაღალი ყვრიმალები;

ესპანეთი – მგრძნობელობა. სილამაზე ესპანურად გახსნილობა და ძლიერი მგრძნობელობაა როგორც სამოსში, ისე გრძნობების გამოხატვისას. გამოკვეთილი ფორმები, კუპრივით შავი თმა, მუქი ფერის თვალები, მუქი ფერის კანი – ესპანური მიმზიდველობის პარამეტრებია. რა თქმა უნდა, ცეკვა. ამ ქვეყანაში ქალს ყველაზე სავსე თეძოებითაც კი ცეკვისას გრაციოზულად მოძრაობა შეუძლია;

დიდი ბრიტანეთი – თავშეკავება. ინგლისური სილამაზე თავშეკავება და არისტროკრატულობაა. მინიმალური მაკიაჟი, მორგებული და მოხერხებული სამოსი, თხელძირიანი ფეხსაცმელი, სიგამხდრე, ფერმკრთალი სახე ჭორფლებით. ბრიტანელებს არ ეშინიათ სიბერის, რადგან ამ ქვეყანაში სხივური ნაოჭები თვალების ირგვლივ სილამაზისა და სიმწიფის ნიშნად მიიჩნევა;

გერმანია – კონსერვატიული იდეალი. გერმანელი ქალები სპორტულები და შრომისმოყვარენი არიან ყველაფერში. მათი სილამაზის იდეალი მარტივია – ცისფერი თვალები, ღია ფერის თმა, სახის თხელი ნაკვთები, გამხდარი სპორტული ფიგურა. მათ ფენომენალურ დისციპლინას შეუძლია ნებისმიერ სტანდარტს მოერგოს, თუმცა მკვეთრი მაკიაჟი არც ამ ქვეყანაშია პოპულარული;

ინდოეთი – აქ ძალიან ფასობს იოგას, ნატურალური კოსმეტიკისა და სწორი კვების წყალობით მოპოვებული სულისა და სხეულის ჰარმონია. პრიორიტეტულია ჯანმრთელი გამომეტყველება, მრგვალი ფორმები, დიდი მკერდი, რადგან ეს სამომავლოდ დედის როლის საუკეთესოდ შესრულების გარანტიადაა მიჩნეული. სხეულის სწორად ჭერის მანერა და ჰაეროვანი სიარულიც ამაღლებს გოგონების სილამაზის რეიტინგს.

პლასტიკური ოპერაციები და კოსმეტიკური პროცედურები

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობა. რომელი მანიპულაციებია ყველაზე პოპულარული და საით მიემართება თანამედროვე ესთეტიკური ქირურგია, მოდი, ამაში ერთად გავერკვეთ.

მკერდის გადიდება

ყველაზე პოპულარული ესთეტიკური ოპერაცია მსოფლიოში მკერდის გადიდებაა.

ბიუსტს იდიდებენ იმპლანტების ან ცხიმის ტრანსპლანტაციის გზით, რასაც შესანიშნავი შედეგი მოაქვს როგორც ნამშობიარები, ისე არანამშობიარები ქალებისთვის.

უკანასკნელ წლებში პლასტიკური ქირურგია სულ უფრო მეტად მიილტვის ბუნებრიობისაკენ. არაპროპორციულად დიდი ბიუსტი წარსულს ჩაბარდა: მკერდის გადიდებისას ქირურგები განსაკუთრებით პაციენტის ფიგურას და მის პროპორციებს ითვალისწინებენ სხეულის სრული ჰარმონიისათვის.

მკერდის პლასტიკა ყოველთვის გადიდებას როდი ნიშნავს, ის შესაძლოა ითვალისწინებდეს მკერდის ზომების სხვაობათა აღმოფხვრას, სიმსივნისშემდგომ მკერდის პროთეზირებას, მკერდის ფორმის კორექციას ბავშვის ძუძუთი კვების შემდგომ.

პლასტიკურ ქირურგიაში მოდას შოუბიზნესის გამოჩენილი სახეები ამკვიდრებენ, სწორედ მათზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ბიუსტი წარსულს ჩაბარდა და ეტალონად დღეს არც ისე დიდი, აკურატული და მკვრივი მკერდია აღიარებული. ერთი მხრივ, ესთეტიკური თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, პრაქტიკული მოსაზრებით, რამდენადაც დიდი ზომის მკერდი საკმაოდ რთული მოსავლელია, ის სწრაფად კარგავს ფორმას.

შეიცვალა მკერდის იმპლანტებიც, 20 წლის წინათ გამოიყენებოდა მრგვალფორმიანები, დაახლოებით 10 წელია, რაც უფრო ხშირად ერგონომიულ პროთეზებს მიმართავენ, რომლებიც სხეულთან ერთად მოძრაობენ და ამის ხარჯზე ოპერაციის შემდგომ მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი მიიღწევა.

სიახლეა იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც პატარა მკერდის გადიდება სურთ, სულ მალე პლასტიკურ ქირურგიაში ფართოდ დაინერგება ინოვაციური ანატომიური იმპლანტები, რომლებიც სპეციალური საყრდენების საშუალებით, უმოძრაოდ დაფიქსირდებიან საჭირო პოზიციაზე და წინამორბედებისგან განსხვავებით, მკერდის დეფორმაციას აღარ გამოიწვევენ.

ლიპოსაქცია

ლიპოსაქცია – სხეულის იდეალური პროპორციების მიღწევის მცდელობაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის:

  • 360-გრადუსიანი ლიპოსაქცია;
  • გინეკომასტია;
  • რელიეფური პრესის ფორმირება;
  • აბდომინოპლასტიკა;
  • ლიპოსკულპტურა.

ეს პროცედურები ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის სასურველია. სხეულში ცხიმის პროპორციული გადანაწილების პრობლემა მთელ მსოფლიოში დღემდე საკმაოდ აქტუალური რჩება.

აბდომინოპლასტიკისას ერთდროულად სცილდება მუცლისა და მენჯის არეში ზედმეტი კანი და ცხიმი, ქრება ე.წ. გაწელილი კანის უბნებიც. ხშირად ამას იტარებენ ნამშობიარები ქალები, თუმცა მისი ჩატარების მიზეზად სახელდება ბიოლოგიური სიბერე, წონის სწრაფი მატება ან განმეორებითი მანიპულაცია.

ამ მიზნით ჩატარებული თანამედროვე ოპერაციები ხასიათდება საკმაოდ დიდი უვნებლობით, სწრაფი სარეაბილიტაციო პერიოდით, რომლის შედეგადაც ადამიანს ეძლევა საშუალება არსებითი ნეგატიური თუ გვერდითი გართულებების გარეშე მიიღოს სიამოვნება საკუთარი იდეალური სხეულის ფორმებით.

შედარებით ახალ მეთოდებს მიეკუთვნება 360-გრადუსიანი ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა.

სახის პლასტიკა

სახის პლასტიკური ოპერაციებიდან ბლეფაროპლასტიკა და რინოპლასტიკა კვლავ საკმაოდ სასუველ ოპერაციებად რჩება.

თუ რამდენიმე წლის წინ პაციენტები ცდილობდნენ სახის მაქსიმალურად შეცვლას, დღეს მათი მთავარი მოთხოვნა ბუნებრიობის შენარჩუნებაა.

ბლეფაროპლასტიკა ქუთუთოების კორექციაა, რომელიც სახეს ახალგაზრდობას უბრუნებს და დაღლილობის კვალს აქრობს. ის საკმაოდ მარტივი პროცედურაა და სასურველი შედეგი მიიღწევა ორივე სქესის წარმომადგენლებთან.

რინოპლასტიკის ჩატარების მსურველთათვის ცხვირის ფორმის ცვლილებისას არგუმენტი ისაა, რომ ცხვირი სახის ცენტრალური ელემენტია, რომელიც ადამიანის გარეგნობის შესახებ ძირითად შთაბეჭდილებას ქმნის. უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია მცირე ხარისხის კორექცია, რომ სახე გაცილებით მიმზიდველი და ჰარმონიული გახდეს.

კოსმეტიკური ქირურგიის ახალი ტრენდები

უკანასკნელ წლებში საკმაოდ იზრდება მოთხოვნა ისეთ კოსმეტიკურ ოპერაციებზე, როგორებიცაა:

  • საშოსა და სასქესო ბაგეების პლასტიკა;
  • მუცლისა და თეძოების პლასტიკა;
  • საჯდომი კუნთების გადიდება და აწევა;
  • ყბის ენდოპროთეზირება;
  • ზედა ტუჩის ლიფტინგი.

საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაზრდილია ინტიმურ პლასტიკურ მანიპულაციებზე მოთხოვნა, მამაკაცებისთვის ინტიმური ქირურგია უკვე 20 წელია ხელმისაწვდომია, ქალებისთვის კი – 15 წელს ითვლის.

საჯდომი კუნთების გადიდება და აწევა კი იმ მანიპულაციათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც იმპლანტების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ხოლო თავად მანიპულაცია უნდა ჩატარდეს უვნებლობის საზღვრების სრული დაცვით, რათა საბოლოო შედეგი სერიოზული დისკომფორტის მიზეზი არ გახდეს.

მსოფლიოში პლასტიკური ოპერაციების რეიტინგული მონაცემი კი ასეთია:

1. მკერდის გადიდება;

2. ლიპოსაქცია;

3. ქუთუთოების ქირურგია;

4. რინოპლასტიკა;

5. აბდომინოპლასტიკა;

6. მკერდის აწევა;

7. მკერდის დაპატარავება;

8. სახის გადაჭიმვა;

9. საჯდომი კუნთების გადიდება;

10. თვალის კორექცია;

11. კისრის გადაჭიმვა;

12. ტუჩების პლასტიკა;

13. ბრაქიოპლასტიკა;

14. მთლიანი სახის გადაჭიმვა;

15. საშოს დაპატარავება.

მსოფლიოში კოსმეტიკური პროცედურების რეიტინგული მონაცემი კი ასეთია:

1. ბოტოქსის ინიექციები;

2. ეპილაცია – ჭარბი თმის მოცილება;

3. ფოტოგაახალგაზრდავება;

4. ოპერაციის გარეშე ცხიმის მოცილება;

5. ოპერაციის გარეშე კანის გადაჭიმვა;

6. ქიმიური პილინგი;

7. ცელულიტის მკურნალობა;

8. ლაზერული მანიპულაციები;

9. ტატუს მოცილება;

10. ვენების მოცილება.

გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდები

გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდები
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.

ამიტომ, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, ქალები ხშირად მიმართავენ კოსმეტოლოგებს, ზოგჯერ არც პლასტიკურ ქირურგიაზე ამბობენ უარს.

კლინიკა „დენსის“ ექიმი-კოსმეტოლოგი მაია რაზმაძე, ჩვენს მკითხველს კანის გაახალგაზრდავების თანამედროვე პროცედურებს გააცნობს და გაგიადვილებთ თქვენთვის სასურველის შერჩევას.

– ქალბატონო მაია, თქვენს პრაქტიკაში კანის გაახალგაზრდავებისთვის ყველაზე ხშირად რომელ მეთოდს იყენებთ?

– ასაკობრივი ცვლილებების საკორექციოდ ყველაზე დიდი მოთხოვნა ე.წ. „სილამაზის ნემსების“ პროცედურაზეა, მათ შორის ყველაზე ხშირად ტარდება ბოტულოთერაპია, ვგულისხმობ ბოტულოტოქსინით ჩატარებულ ინიექციებს, რომლის მიზანიცაა სახის მოძრავი კუნთების დროებითი ბლოკირება და აქტიური მიმიკით გამოწვეული ნაოჭების გასწორება.

ასეთი ინიექციებით გამოწვეული ეფექტი საკმაოდ სწრაფად ჩნდება და შედეგი 4-6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

ბოტოქსს 80-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ სამკურნალოდაც და კოსმეტიკური მიზნითაც. კანში მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს, რომელიც მალე გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა.

თავდაპირველად ბოტოქსის ინიექციები მხოლოდ სახის ზედა ნახევარში კეთდებოდა, სადღეისოდ ის ტარდება სახის ქვედა მესამედში, ყელისა და სხვა არეებშიც.

ბოტოქსით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება სახის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა ყველაზე ხშირად ვაკეთებთ წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლზე. კარგად სწორდება ტუჩების ირგვლივ არსებული ნაოჭებიც.

ბევრს სმენია ამ პროცედურის თანმდევი ნეგატიური მოვლენების შესახებ, ამ კატეგორიას შეგვიძლია ვურჩიოთ მიკრობოტოქსი, ეს ინიექცია ახალი პრეპარატით ტარდება და ითვალისწინებს ბოტულოტოქსინის მინიმალური კონცენტრაციით გამოყენებას. ინიექცია განმეორებით ტარდება ყოველ 1,5-2 თვეში, კლასიკური ბოტოქსისგან განსხვავებით, მიკრობოტოქსისას სახის მიმიკა გაცილებით ცოცხალია და შესაბამისად, სახეც ბუნებრივი შესახედაობის რჩება. შედეგიც საკმაოდ სტაბილურია. უკანასკნელ ხანს გაჩნდა ბოტოქსის ანალოგები – ლანტოქსი და დისპორტი, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება და ფასიც ბევრად ხელმისაწვდომია.

– რამდენადაც ცნობილია, ბოტოქსი გასაახალგაზრდავებლად გამოსაყენებული ერთადერთი საშუალება არ არის, არსებობს ეფექტიანი პროცედურები – პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, სოფთლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია. მათ შესახებ რას გვეტყვით?

– კანის გასაახალგაზრდავებლად შესაძლებელია პაციენტის კანქვეშ მისივე სისხლის პლაზმის შეყვანა, რომლის მიმართაც მას 100%-იანი მიმღებლობა აქვს და ეს არის სწორედ პლაზმოლიფტინგი.

პროცედურისას ორგანიზმში შეიყვანება თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლისაგან მიღებული პლაზმა, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას, ანუ სასურველი ეფექტი – კანის გაახალგაზრდავება მიიღწევა საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.

კანქვეშ პლაზმის შეყვანით მიიღწევა ჰიალურონის მჟავას და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და იმუნიტეტის ზრდა. კანი ხდება ელასტიკური, იძენს ჯანსაღ ფერს, ნორმალურ ტენიანობას, მცირდება ან სრულად ქრება ნაოჭები.

პროცედურისას არ ვითარდება ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ საკუთარი პლაზმა შეჰყავთ.

პლაზმოლიფტინგს მივმართავთ აკნეს შემთხვევაშიც და გამონაყარი სწრაფად ქრება.

თმის ცვენისას ჩატარებული პლაზმოლიფტინგი ააქტიურებს თმის ძირების კვებას, თმის ცვენა იკლებს და ახალი ღერების ინტენსიური ამოსვლა შეიმჩნევა.

პლაზმოლიფტინგი მიზანშეწონილია კანის ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მწეველებისთვის, მოდუნებული, გამომშრალი კანის, ნაწიბურების, ნაოჭებისა და ფოტოდაბერებისას.

ის შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილსა და ხელის მტევნებზე.

ამავე მიზნით ვიყენებთ მეზოთერაპიას – ვამზადებთ კოქტეილს, რომელიც შედგება ჰიალურონის მჟავას, ამინომჟავების, პეპტიდებისა და სხვა კომპონენტებისგან. ის ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა ასაკობრივი ცვლილებების ხასიათისა და გამოვლენის ხარისხის მიხედვით.

კანის გამაახალგაზრდავებელი ინიექციების ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ არ ვახსენებთ მოცულობით გამაახალგაზრდავებელ მეთოდს – სოფთლიფტინგს, რომელიც ითვალისწინებს სახის არეში, სხვადასხვა სიღრმეზე, ჰიალურონის გელის შეყვანას სპეციალური საინიექციო ნემსით, რომელიც არ აზიანებს კაპილარებს და პროცედურის შემდგომ პაციენტს არც შეშუპება და არც სისხლჩაქცევით გამოწვეული სილურჯეები არ ემჩნევა.

3D ტექნოლოგიით განხორციელებული სოფთლიფტინგისას მიღებული ეფექტი ქალებს 2 წლამდე უნარჩუნდებათ, თუმცა სასურველია ის ჩაატაროს ანატომიის კარგად მცოდნე სპეციალისტმა.

გსმენიათ, ალბათ, ინვაზიური ბიორევიტალიზაციის შესახებაც, ამ პროცედურის დროს კანქვეშ შეგვყავს სუფთა ჰიალურონის მჟავა, რომელსაც კანის ნაოჭების 3 თვიდან ერთ წლამდე გასწორების უნარი შესწევს.

ბიორევიტალიზაციისას ბიოპრეპარატი – ჰიალურონის მჟავა – კანის ეპიდერმისის შუა შრეში შეიყვანება.

ჰიალურონის მჟავა სხვადასხვა ფაქტორის გავლენით იშლება და კანიც უწინდელ შესახედაობას კარგავს, ის ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი რგოლები თვალებს ქვემოთ, იკვეთება ნაოჭები.

40 წლამდე ასაკის ადამიანის კანში ჰიალურონის მჟავას შემცველობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, შემდეგ მისი რაოდენობა იკლებს, თუ ადრე დასვენება და გამოძინება მის რაოდენობას აღადგენდა, ასაკის მატებასთან ერთად, თვითაღდგენის პროცესები ქვეითდება და მჟავას კონცენტრაცია აღარ აღდგება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი ბიორევიტალიზაციაა, სიტყვასიტყვით ეს ტერმინი ხომ კანის გაცოცხლებას ნიშნავს.

პროცედურა კანის ნებისმიერ უბანზე ტარდება, იქ, სადაც გაახალგაზრდავებაა საჭირო. ჩვეულებრივ, ასეთი უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი.

პროცედურის შედეგად კანი იჭიმება, ნაოჭები სწორდება, კანი ხდება მკვრივი, გლუვი და ელასტიკური.

– საკმაოდ მოდურია ე.წ. ოქროს ძაფებით ლიფტინგი. რას მოიცავს ეს პროცედურა?

– ამ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას გააჩნია სხვა სახელწოდებებიც: ლიგატურული პლასტიკა და ლიფტინგი. ის მიეკუთვნება ნაკლებინვაზიურ მეთოდებს, მისი მიზანია კანქვეშ სპეციალური ძაფების შეყვანა, რომელიც სახეს უწინდელ ოვალსა და ფორმას უბრუნებს, ამასთან, ჭიმავს კანის საფარველს.

ძაფები მზადდება სხვადასხვა ნედლეულისგან: ლითონის, მჟავების, სილიკონური მასალისგან და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება ნივთიერება, რომელსაც კანი ადვილად ეგუება. ძაფები ადამიანს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის, ქალები ვერც კი გრძნობენ ამ სინთეზურ ნივთიერებებს, რომლებიც სახის კანის მყარ კარკასს ქმნის და გარეგნულადაც შეუმჩნეველია. ამავე მეთოდის ღირსება ისაა, რომ პრაქტიკულად არ გააჩნია გართულებები, მიღებული შედეგი ნარჩუნდება 3-4 წელი.

– საკმაოდ ბევრი ქალი უპირატესობას აპარატულ პროცედურებს ანიჭებს იმიტომ, რომ უმტკივნეულოა. რამდენად ეფექტიანია აპარატული პროცედურები ინიექციებთან შედარებით?

– აპარატული მეთოდები არ აზიანებს კანს, უმტკივნეულოა და შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ის ბევრისთვის პრიორიტეტულია ინიექციებთან შედარებით, ამგვარი მეთოდებიდან აღსანიშნავია მასაჟი მიკროდენით, ფოტო- და ლაზერული გაახალგაზრდავება, თერმაჟი.

მასაჟი მიკროდენით კანის საფარველის დაბერების საწინააღმდეგო თანამედროვე ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს სახისა და კისრის კანის თავისებურ დამუშავებას ელექტროდებით, იმპულსური, დაბალი სიხშირის მიკროდენით, ეს სრულიად უვნებელი პროცედურაა, რომლის დროსაც ადამიანი დისკომფორტს არ განიცდის.

მიკროდენით ჩატარებული მასაჟი ააქტიურებს კანის ღრმა შრეში – დერმაში, სისხლის მიკროცირკულაციას, უჯრედოვან ცვლას, აძლიერებს უჯრედების ბუნებრივ გაყოფას და სახის კუნთებს გაცილებით ამკვრივებს. კანიდან აქრობს წვრილ ნაოჭებს და გააჩნია ლიფტინგეფექტი.

ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

ფოტოგაახალგაზრდავებისას კი ასაკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები გამოიყენება, გარდა ულტრაიისფერისა. ყველაზე ბოლო ვერსიაა IPL აბრევიატურით ცნობილი – „ინტენსიური იმპულსური სინათლე“, რომლის დახმარებითაც კანს სცილდება პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, მკვდარი უჯრედები. გარდა ამისა, სპეციალური აპარატით კანზე ფოტოდასხივებისას იზრდება დერმის ბუნებრივი ტონუსი და სიმკვრივე, მისი ღრმა შრეების გათბობისა და მათში ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის აქტივაზიის გამო. საგრძნობი შედეგი თვალსაჩინოა უკვე პირველი სეანსის შემდგომ, პროცედურისას არ ზიანდება კანი და მიღებული ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია.

კანის საფარველის ლაზერული გაახალგაზრდავებისას, ისევე როგორც ფოტომეთოდისას, ბრძოლას ვუცხადებთ ჰიპერპიგმენტურ უბნებს, ეპიდერმისის სიმკვრივის დაქვეითებას და ელასტიკურობის კლებას.

ეს ყველაფერი როდია, ლაზეროთერაპიის შემდეგ კანს უბრუნდება უწინდელი ლამაზი ფერი, სირბილე, ერთგვაროვანი მიკრორელიეფი. ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია კანის გაფართოებული ფორების დავიწროებაც და ეს ყველაფერი ყოველგვარი რისკის გარეშე.

ლაზერული სხივის ენერგია თანაბრად ათბობს კანის ყველა შრეს, აუმჯობესებს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედულ დონეზე. პროცედურის შემდგომ ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

რაც შეეხება თერმაჟს, ამ პროცედურისას რადიოტალღების მეშვეობით კანს მიეწოდება სითბური ენერგია, რაც ასტმულირებს კოლაგენის სინთეზს, ახალი ბოჭკოების წარმოქმნას, ამის წყალობით მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოები ახალგაზრდავდებიან და მკვრივდებიან. პროცედურა არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს. პროცედურის დამთავრებისთანავე ადამიანი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება: ლიფტინგის ნიშნები ნათლად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ყვრიმალებზე, ყელსა და დეკოლტეს არეში.

შედეგის მისაღებად ზოგჯერ მხოლოდ ერთი სეანსია საჭირო, მიღწეული შედეგები რამდენიმე წელი გრძელდება. თერმაჟის ღირსება ისიცაა, რომ ეფექტი პროცედურის შემდგომ ყოველთვიურად მატულობს. თერმაჟის პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ.

– როდის უნდა მივმართოთ კანის გაახალგაზრდავების ინვაზიურ თუ არაინვაზიურ მეთოდებს, ანუ როდის გვჭრიდება ისინი?

– ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერავინ გაგცემთ. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ტიპზე, გენეტიკაზე, იმაზე, როგორ უვლიდნენ კანს წლების მანძილზე, რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, სახის რომელი ნაწილი არ მოსწონს თავად პაციენტს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი და პაციენტი ერთად იღებენ.

– დაბოლოს, რას ურჩევდით ქალებს კანის პირვანდელი იერის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?

– პირველ ყოვლისა, ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა, რადგან კანს ისე არაფერი აზიანებს, როგორც უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები;

  • ყოველთვის მოიცილეთ მაკიაჟი ძილის წინ, რადგან მისი ნარჩენები ღრმად ჯდება ფორებში და ხელს უშლის კანის ფუნციონირებას. ამასთან, უნდა გაიჩინოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება;
  • იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი კანი ყოველთვის საჭირო დონეზე იყოს დატენიანებული, გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი დღის და ღამის კრემები, ასევე დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალებები;
  • გადასახედია კვებისა და დასვენების რეჟიმი. კანს უყვარს სითხე, ამისთვის სვით 2 ლიტრამდე წყალი დღეში, მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ყველამ ვიცით, გამოუძინებელი ადამიანის სახის კანი როგორ გამოიყურება;
  • სუფთა ჰაერი ამ შემთხვევაშიც შეუცვლელია;
  • არაფერი ისე არ აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, როგორც ულტრაიისფერი სხივები, ამიტომ დიდად ნუ გაგიტაცებთ მზეზე გარუჯვა და ამ მხრივ არც სოლარიუმში ხშირი სტუმრობაა სასურველი;
  • პერიოდულად მიმართეთ კოსმეტოლოგს და კვალიფიციური რჩევები მისგან მიიღეთ, რადგან თავად შესაძლოა გარკვეული ცვლილებები უცბად ვერ აღმოაჩინოთ, სპეციალისტის თვალს კი კანის დაბერების პირველი ნიშნები ნამდვილად არ გამოეპარება;
  • პრობლემების დროულად აღმოჩენა კი ჩვენს შემთხვევაშიც პრობლემის გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად გამოსწორების წინაპირობაა.