News / 3 შეცდომა, რომელიც ანადგურებს შენს ფრჩხილებს

3 შეცდომა, რომელიც ანადგურებს შენს ფრჩხილებს

ის მდგრადია, არ საჭიროებს ხანგრძლივ შრობას და მინიმუმ 2 კვირა ფრჩხილები იდეალურ მდგომარეობაშია. მიხვდით ალბათ, რომ საუბარი „მის უდიდებულესობა“ გელ-ლაქზეა (შილაკზე). თუმცა, არის ნიუანსები, რომლებიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს.

 

გელ-ლაქი სრულად ფარავს ფრჩხილის ფირფიტას, მჭიდროდ  ეკვრის მის ზედა ნაწილს, რისი წყალობითაც არ აძლევს ფრჩხილს აქერცვლისა და დაზიანების საშუალებას. გელ-ლაქს შენი ფრჩხილების მკურნალობაც შეუძლია, ოღონდ მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოცემულ შეცდომებს არ დაუშვებ.


შეცდომა №1: გელ-ლაქის დამოუკიდებლად მოხსნა

ბევრი ჩადის ამ „ცოდვას“: იღებენ ფოლგას, ჩვეულებრივი ლაქის მოსახსნელ სითხეს, ასველებენ ბამბის დისკს, იდებენ ფრჩხილზე და ახვევენ ფოლგაში 20 წუთის განმავლობაში. თითქოს იმეორებენ პროცედურას, რომელიც სალონში უნახავთ. რა შედეგი მოყვება ასეთ ექსპერიმენტებს? ადგილ-ადგილ აბერილი, ზოგან კი უცვლელი გელ-ლაქი. შემდეგ გოგონები იღებენ ჩხირს ან ქლიბს და მექანიკური ზეწოლით იგლიჯავენ გელ-ლაქს ფრჩხილიდან. ასეთი ქმედებით ფრჩხილის უსწორმასწორო პლასტინა, აქერცლილი და დამსკდარი ფრჩხილის ზედაპირი გარანტირებული გაქვთ. პოლირების შემდეგაც კი ასეთი ფრჩხილები განაგრძობს ქერცვლასა და მტვრევას.

დაიმახსოვრე! გელ-ლაქის მოხსნა უმჯობესია სალონში პროფესიონალთან, რომელიც მოხსნის პროცედურას სპეციალური აპარატით განახორციელებს და ზედმიწევნით გააკონტროლებს, რომ გელ-ლაქის მოხსნის შედეგად ფრჩხილის ფირფიტა არ დაზიანდეს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გელ-ლაქის მოხსნა სახლის პირობებში გსურს, შეიძინე გელ-ლაქის მოსახსნელი სპეციალური საშუალება და მიჰყევი ინსტრუქციას. არავითარ შემთხვევაში არ აიძრო საფარი მეტალის ჩხირით ან ქლიბით.


შეცდომა №2: ნუნის არასათანადო მოვლა

რატომღაც საზოგადოებაში დამკვიდრდდა მითი, თითქოს ნუნის მკვებავი ზეთი აზიანებს გელ-ლაქს. რის გამოც ბევრი გოგონა უარს ამბობს ფრჩხილის ირგვლივ კანის მოვლაზე. რა ხდება ასეთ დროს? გელ-ლაქი აშრობს ფრჩხილებს, შედეგად შრება ნუნაც. სათანადო მოვლის გარეშე ის სკდება და უსწორმასწოროდ იზრდება. ნუნების არაესთეტიური იერი კი მთელ სურათს აფუჭებს.

აუცილებლად დაიტანე ნუნების მკვებავი ზეთი ყოველდღე! გელ-ლაქს არაფერი ემუქრება.



შეცდომა №3: გელ-ლაქის კიდიდან აძრობა

თუ გელ-ლაქი ოდნავ აიწია ფრჩხილის ზედაპირიდან, რთულია გაუძლო ცდუნებას და მის ბოლომდე აძრობას არ ეცადო. თუმცა, მაშინ, როცა თავში ეს მაცდური აზრი გაგიელვებს, გაიხსენე, რამხელა ტრავმას აყენებ ასეთი ქმედებით შენს ფრჩხილებს. ხომ გახსოვს, მანამ, სანამ სპეციალისტი ბაზას წაგისვამდა, ჯერ ფრჩხილებზე პრაიმერი დაიტანა. სწორედ ეს საშუალება ასრულებს ორმაგი სკოჩის ფუნქციას და ფრჩხილსა და მასზე დატანილ მასალას საიმედოდ აწებებს ერთმანეთს.  მაშინ, როცა შენ გელ-ლაქის აძრობას ცდილობ, დარწმუნებული იყავი, რომ ხელოვნურ საფარს შენი ბუნებრივი ფრჩხილის ზედა ფენებიც მიყვება. ამიტომ, თუ ატყობ, რომ გელ-ლაქის საფარმა ალაგ-ალაგ „პირი გააღო“, ნუ დააყოვნებ, აუცილებლად მიმართე სპეციალისტს ამ დეფექტის გასასწორებლად. დამოუკიდებლად კი გელ-ლაქის ბოლომდე აძრობას არავითარ შემთხვევაში არ ეცადო.