News / 4 მითი გელ-ლაქის შესახებ

4 მითი გელ-ლაქის შესახებ

მას შემდეგ, რაც სუპერმდგრადი გელის საფარი პოპულარული გახდა და გოგონების განუყრელ მეგობრად იქცა, ჭორები მის მავნებლობასა და ტოქსიკურ თვისებებზე ელვის სისწრაფით ვრცელდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეკრიბა ყველაზე გავრცელებული მითები და დაგვემსხვრია ისინი, რათა არავინ აღარ შევიდეს შეცდომაში და არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი. მაშ ასე, მზად ხარ გაიგო სიმართლე გელ-ლაქის შესახებ? მაშინ, დავიწყოთ.

მითი N1: გელ-ლაქი აფუჭებს ფრჩხილებს

ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომლისაც უსაფუძვლოდ სჯერა ქალბატონების უდიდეს ნაწილს. სინამდვილეში გელ-ლაქი არათუ აზიანებს, არამედ ამაგრებს კიდეც ფრჩხილის ფირფიტას და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. გელ-ლაქის დახმარებით სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების მქონე გოგონებსაც შეუძლიათ გრძელი ფრჩხილების ტარება. იმისათვის, რომ ფრჩხილი არ დაზიანდეს, მნიშვნელოვანია პროცედურა კვალიფიცირებულ სპეციალისტთან ჩაიტაროთ, რადგან ფრჩხილებს არა თავად გელ-ლაქი, არამედ მისი არასწორად დატანა ან მოხსნა აზიანებს. თუ გელ-ლაქის საფარს დამოუკიდებლად აიძრობთ, მას აუცილებლად მიყვება ფრჩხილის ზედა ფენებიც. ხოლო, თუ  საფარს მასტერი მოგხსნით ყველა ტექნოლოგიის დაცვით, ფრჩხილები უვნებელი და ჯანსაღი დარჩება.

მითი  N2: არ შეიძლება გელ-ლაქის მუდმივად ტარება, ფრჩხილებმა უნდა დაისვენოს და „ისუნთქოს“

ფრჩხილები ხელოვნური საფარის ქვეშ ნამდვილად არ სუნთქავს ისევე, როგორც მის გარეშე. ფრჩხილის ფირფიტა შედგება კერატინისა და პროტეინის გარქოვანებული უჯრედებისგან.  ეს მკვდარი უჯრედებია, რომლებიც დამცავ ფუნქციას ასრულებს, არ მონაწილეობს ორგანიზმის ცვლით პროცესებში  და ნამდვილად არ საჭიროებს ჟანგბადს. ფრჩხილს კვებავს ნუნის ქვეშ განლაგებული კაპილარები. სისხლთან ერთად ფრჩხილის ფირფიტა იღებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. შესაბამისად, სწორი კვება და მუდამ მოწესრიგებული, გასუფავებული ნუნები - სუნთქვის საუკეთესო გზაა ფრჩხილებისთვის. გელ-ლაქის საფარისგან ერთთვიანი შესვენებით კი ფრჩხილებს ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანთ. პირიქით, ამით მხოლოდ გაზრდით დაცვის გარეშე დარჩენილი ფრჩხილის მექანიკური დაზიანების რისკს.

მითი N3: გელ-ლაქის გამოყენება არ შეიძლება ფეხმძიმობის ან ბავშვის ბუნებრივი კვების დროს

ფრჩხილის ფირფიტის ზედაპირი დაფარულია მკვდარი უჯრედებით, რომლებიც თავის მხრივ საკმაოდ მყარ ლიპიდურ ბარიერს ქმნიან. სწორედ ამიტომ გელ-ლაქის კომპონენტები ვერანაირად ვერ შეძლებენ ამ ლიპიდური ბარიერის გარღვევას და უფრო ღრმად, მაგალითად, სისხლში ან რძეში შეღწევას. შესაბამისად, ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში გელ-ლაქის გაკეთება სავსებით უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

მითი N4: გელ-ლაქი და შილაკი ერთი და იგივეა

დროა, დავამსხვრიოთ ეს მითი და გავარკვიოთ, საიდან მოდის ტერმინი „შილაკი“ და რა ქვია სინამდვილეში ყველა გოგოსთვის საყვარელ მდგრად საფარს, რომელიც 2-3 კვირა უცვლელად ძლებს ფრჩხილებზე. გელ-ლაქი - ეს გელისა და ფერადი პიგმენტის ნაზავია. ის ფრჩხილზე ერთ ან რამდენიმე ფენად დაიტანება. იმისათვის, რომ გამყარდეს, წასმისთანავე საჭიროებს UV, LED ან ჰიბრიდულ ლამფაში შრობას. დიახ, დიახ! ის, რასაც ამდენ ხანს „შილაკს“ უწოდებდით, სინამდვილეში გელ-ლაქია. ისევე როგორც ტუჩსაცხის მწარმოებელი უამრავი ბრენდი არსებობს, ასევე ათასობით კომპანია აწარმოებს გელ-ლაქებსაც. Shellac - ეს ამერიკული ბრენდის CND-ის გამოგონება და წარმოებული გელ-ლაქისთვის კომპანიის მიერ მინიჭებული სახელწოდებაა. ამიერიდან, როდესაც გელ-ლაქის ნაცვლად კვლავ „შილაკის“ წარმოთქმას დააპირებთ, დაფიქრდით, რამდენად სწორია ნებისმიერი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ჭურჭლის ჟელეს “Fairy” ვუწოდოთ?