სიახლეები / ბოტოქსი Vs კერატინი - რომელი უფრო შესაფერისია შენი თმისთვის?

ბოტოქსი Vs კერატინი - რომელი უფრო შესაფერისია შენი თმისთვის?

ცხოვრებაში ჩვენ, ქალებს, მუდმივად გვიწევს არჩევანის გაკეთება. დილით, სარკის წინ,  ვწყვეტთ რა ჩავიცვათ, რა ფერის პომადა წავისვათ, როგორ დავივარცხნოთ თმა... და ეს ხშირად სულაც არ არის იოლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა განწყობა წუთში ათასჯერ გვეცვლება, სურვილები კი ერთმანეთს ეჯახება. გვინდა ვიყოთ დახვეწილებიც და თავისუფლებიც, ელეგანტურებიც და სპორტულებიც, ძლიერებიც და ნაზებიც. ეს მუდმივი ძიება სილამაზის სამყაროშიც გრძელდება, სადაც ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, პროცედურების სია კი უსასრულოდ იზრდება. როგორ მიხვდე, რა გინდა, რა გჭირდება, როცა შენი სურვილები, ხასიათის მსგავსად, ისეთივე ცვალებადია, როგორც გაზაფხულის ამინდი? დღეს ერთზე ვოცნებობთ, ხვალ – მეორეზე. სწორედ ამ გაურკვევლობაში გვხვდება ხშირად ორი პოპულარული თმის პროცედურა: თმის ბოტოქსი და კერატინი. ერთი შეხედვით მსგავსი, სინამდვილეში კი სრულიად განსხვავებული. რომელია შენი თმისთვის საუკეთესო არჩევანი? მოდით, ერთად გავერკვეთ, რომ ზუსტად იცოდე, რა აირჩიო  ბზინვარე და ჯანსაღი თმისთვის. 

მართალია, ამ ორ პროცედურას ხშირად ურევენ ერთმანეთში, თუმცა რეალურად ისინი სრულიად განსხვავებულ მიზნებს ემსახურებიან და სხვადასხვა ეფექტს იძლევიან.  დავიწყოთ თმის ბოტოქსით. სახელწოდების მიუხედავად, მას არაფერი აქვს საერთო კოსმეტიკურ ბოტოქსის ინექციებთან. თმის ბოტოქსი  ინტენსიური აღმდგენი პროცედურაა, ღრმად კვებავს და ატენიანებს თმას, შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, პროტეინებს და სხვა მკვებავ კომპონენტებს (ხშირად ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს, კერატინს) რომლებიც აღწევენ თმის ღეროს სტრუქტურაში, ავსებენ დაზიანებულ უბნებს და აღადგენენ თმის სიჯანსაღეს. 

როდის არის  რეკომენდებული ბოტოქსი?

თუ გაქვთ დაზიანებული და მტვრევადი თმა:  ხშირი შეღებვის, თერმული დამუშავების ან ქიმიური პროცედურების გამო - ბოტოქსი მას  ბზინვარებას, ელასტიურობას და ჯანსაღ იერს დაუბრუნებს, ასევე მოცულობას და სიმკვრივეს მიანიჭებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხელი თმის მფლობელებისთვის.  პროცედურა  თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ მაშინ, თუ არ გსურთ თმის სტრუქტურის შეცვლა:  რადგან ბოტოქსი არ ასწორებს თმას და მხოლოდ გაჯანსაღებაში ეხმარება. მისი ეფექტი დაახლოებით 2-3 თვეს გრძელდება, რაც დამოკიდებულია თქვენი თმის მდგომარეობასა და სწორ მოვლაზე.  

ახლა კი გადავიდეთ თმის კერატინზე - კერატინი თმის ბუნებრივი ცილაა, რომელიც მის სტრუქტურას ქმნის. პროცედურა გულისხმობს თმაზე თხევადი კერატინის ნარევის დატანას, რომელიც აღწევს თმის ღეროში, ავსებს დაზიანებულ ნაწილებს და სპეციალური თერმული დამუშავების შედეგად (უთოების მეშვეობით) "ილუქება" თმის ზედაპირზე. ეს ქმნის დამცავ ფენას, რომელიც თმას გლუვს, პრიალას და რაც მთავარია, სწორს ხდის.

როდის  არის რეკომენდებული კერატინი?

თუ ძნელად მოსავლელი, დაუმორჩილებელი თმა გაქვთ, რომლის დავრცხნაც თქვენთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა, მაშინ კერატინი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ, რადგან პროცედურის შემდეგ თმა ხდება სწორი, მორჩილი და ადვილად ივარცხნება.  მისი ეფექტი 6 თვემდე გრძელდება, ზოგჯერ კი უფრო მეტ ხანსაც. 

როდის რომელი პროცედურა აირჩიოთ?

თუ თქვენი თმა დაზიანებულია, მშრალია, გაყოფილი ბოლოები აქვს და მოცულობა აკლია , თუმცა არ გსურთ მისი სტრუქტურის შეცვლა (გსურთ დარჩეს  ხვეული ან ტალღოვანი), მაშინ თმის ბოტოქსი თქვენთვის იდეალური არჩევანია. ის უბრალოდ გააჯანსაღებს და გამოაცოცხლებს თქვენს თმას.  მაგრამ, თუ თქვენი მთავარი პრობლემა ხვეული, ფუმფულა, ძნელად მოსავლელი თმაა, რომლის გასწორებაც ყოველდღიურად გიწევთ და გსურთ ეს პროცესი გაიმარტივოთ, მაშინ კერატინი ნამდვილად დაგეხმარებათ.   აქვე პატარა რეკომენდაციაც ჩვენგან - ნუ ჩაიტარებთ კერატინის პროცედურას, თუ თქვენი თმა დაზიანებულია, რადგან ამით კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებთ მას და შესაძლოა არც შედეგი აღმოჩნდეს იდეალური.  პირველ ეტაპზე დაეხმარეთ თმას გაჯანსაღებაში, შემდეგ უკვე თამამად შეგიძლიათ გაიკეთოთ კერატინიც.

და ბოლოს, თუ თქვენ ახლა სწორედ ამ პროცედურებს შორის აკეთებთ არჩევანს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ სტილისტთან, რომელიც შეაფასებს თმის მდგომარეობას, მოუსმენს თქვენს სურვილებს და დაგეხმარებათ აირჩიოთ ის პროცედურა, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს. გახსოვდეთ, ჯანსაღი და მოვლილი თმა თქვენი სილამაზის მთავარი ატრიბუტია!